ქვემო ქართლის ღირსშესანიშნობები
წალკა
წალკის რაიონი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. 1917-მდე წალკის რაიონი შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში, 1921-დან ისევ ბორჩალოს მაზრაშია, 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია, 1963-64 შედიოდა თეთრიწყაროს რაიონში, 1965-დან კვლავ გამოიყო ცალკე რაიონად. აღმოსავლეთით ესაზღვრება თეთრიწყაროს, დასავლეთით_ახალქალაქის, ჩრდილოეთით _ ბორჯომის, გორის და კასპის, სამხრეთით_ბოგდანოვკის და დმანისის რაიონები. ფართობი _ 1050კმ2. რაიცენტრი _ წალკა. რაიონში 1 საქალაქო (წალკა), 2 სადაბო (ბედიანი, თრიალეთი) და 8 სოფლის საბჭო (ავრანლო, არჯევან-სარვანი, ბაშქოი, ბეშთაშენი, ედიქილისი, კუშჩი, წინწყარო, ხაჩკოი).
ბუნება. რელიეფი. რაიონის ტერიტორია შეხამებულია ნაირგვარი ფორმებით: მაღალი ქედები. მთები, ვულკანური კონუსები და მთის ქვაბულები, ვაკეები, კანიონისებრი ხეობები და სხვ. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: სამსარის (აბულ-სამსარის) მერიდიანული ვულკანური ქედი, რომელიც აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ასაკის ეფუზიური ქანებით, სხვადასხვა შედგენილობის ლავებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფებით. რომლის ფარგლებში შემოდის ქედის თხემი და აღმოსავლეთი კალთა (მთები თავკვეთილი_2583მ, შავნაბადა_2930მ, სამსარი_3285მ და სხვ.) რაიონის ტერიტორიაზეა ჯავახეთის მერიდიანული საშუალ- და მაღალმთიანი ვულკანური ქედის ჩრდილოეთი მონაკვეთი მთა ჭიქიანის ჩრდილოეთით, რომელზეც აღმართულია ვულკანური მწვერვალები: დალიდალო(2661მ), ბიქეთი(2277მ), ჭოჭიანი(2417მ) და სხვ. ყველაზე დაბალ ადგილზე კი მდებარეობს თიქმათაშის უღელტეხილი(2178მ). დიდი ოროგრაფიული ერთეულია აგრეთვე წალკის ქვაბული (პლატო), რომელიც შემოფარგლულია თრიალეთის(ჩრდილოეთი), სამსარის(დასავლეთი) და ჯავახეთის ქედებით. იგი ზედა დონე _ 1500-1800მ-ის ფარგლებში ვრცელდება და იყოფა პატარა ქვაბულებად. აქ ვყელაზე დიდია ბეშთაშენის ქვაბული, რომელიც გამოიყენება წალკის წყალსაცავად. ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას მდებარეობს ჭოჭიანის პლატო-ქვაბული. რაიონის ჩრდილლოეთი ნაწილი უკავია უმთავრესად თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთას, რომელიც დანაწევრებულია მდინარეების: ბეშთაშენის წყლის, გუმბათის(ხრამის აუზი) და მათი მრავალი შენაკადის ხეობებით. რელიეფის ფორმებიდან აღსანიშნავია _ კანიონისებრი ხეობები (ავრანლოს კანიონი და სხვ.)
ჰავა. რაიონი მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულიდან წინა აზიის მთიანეთის მშრალ სუბროპიკულზე გარდამავალ ჰავის ოლქში. საშუალო წლიური ტემპერატურა 6˚ჩ, აბსოლიტური მინიმალური _ (-)34˚ჩ, აბსოლიტური მაქსიმალური _33˚ჩ. საშუალო წელიწადში 600-740 ნალექი მოდის(წალკა-740მმ, კუშჩი-600მმ). ნალექების მაქსიმალური გაზაფხულსა და ზაფხულშია, მინიმალური _ ზამთარში. 1500მ-ს ზემოთ ჯერ მთიანეთის სტეპების ჰავაა, შემდეგ თრიალეთის, ჯავახეთისა და სამსარის ქედების ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზამთარს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავაა.
შიგა წყლებით რაიონი მდიდარია. მთავარი მდინარე ხრამი (ზემო დინებაში ქციად წოდებული), რომლის შენაკადებია მარჯვენა _ ჭოჭიანი, ბეიუქდერესი, მირზაოღლიხრამი, აიაზმიდერე, ნარდევანი და სხვ; მარცხენა _ თარსონი, სულახი, გუმბათი, ტუსრები. გარდა აღნიშნულისა, ზოგი მდინარე (ბეშთაშენისწყალი და ქორსუ) უშუალოდ წალკის წყალსაცავს ერთვის. რაიონში ბევრი ტბაა, მათ შორის ბაშქოის, უზუნგიოლის, ჯანმუშგიოლის, ხადიკის, ლელეიანის, გრძელი ტბა და სხვ. მნიშვნელოვანი ჰიდროლ. ობიექტია წალკის წყალსაცავი. რაიონის მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა _ ზამთარში. მდინარეები გამოყენებულია ელექტროენერგიისთვის.
ნიადაგები. რაიონის ტერიტორიაზე ვრცელი (ყველაზე დაბალი) ნაწილი უჭირავს მთის კარბონატულ შავმიწა ნიდაგებს, რომელსაც ზემოთ ცვლის გამოტუტული მთის შავმიწა და მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები. რაიონის დასავლეთით და ჩრდილოეთით ჯავახეთის, აბულ-სამსარის და თრიალეთის ქედების კალთებზე სიმაღლებრივი ზონების სახით გავრცელებულია ჯერ ვულკანური მთიანეთის შავმიწისებრი და კორდიანი მთის მდელოს ნიადაგები, შემდეგ კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები, ხოლო ყველაზე მაღალ ადგილებში, კლდეებსა და ქვაყრილებს შორის, ლაქებად არის ალპური ზონის პრიმიტიული მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები.
მცენარეული საფარი. გავრცელებულია მთის სტეპები და მთის მდელოები. მთის სტეპები რამდენიმე სახისაა, ძირითადია უროიანი და ვაციწვერიანი სტეპები. რაიონის მთის სტეპებისათვის ტიპიურია მარცვლოვანი და მარცვლოვან-ბალახოვანი დაჯგუფებები, რომელსაც ქმნიან ურო, ვაციწვერა, შვრიელა, კეწეწურა, მდელოს წივანა, ტიმოთელა, სათითური, კურდღლის ბალახა, მაჩიტა, ბაია, ნამიკრეფია, მდელოს თივაქასრა და სხვ. ბუჩქებიდან ხარობს ძეძვი, გრაკლა, ჩიტვაშლა, შავჯაგა. ზედა დონე _ 1800მ-დან 2400-2500მ-მდე განვითრებულია სუბალპური მდელოები, რომელსაც ზოგან სტეპის ელემენტები ურევია. რაიონი ღარიბია ტყეებით. მხოლოდ მდინარე ხრამის ხეობაში სოფელ დაშბაშის ქვემოთაა გავრცელებული ფოთლოვანი ტყე, რომელშიც ჭარბობს წიფელი, ურევია რცხილა, მუხა, ნეკერჩხალი და სხვ.
ცხოველთა სამყარო. რაიონში ბინადრობს: შველი, ტურა, მელა, მგელი; ბევრია მღრღნელი: თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, ზაზუნა და სხვ.; იშვიათია შურთხი, მრავლადაა მწყერი (მიმომფრენი), იხვი და სხვ.; მდინარეები, ტბები და წალკის წყალსაცავი მდიდარია თევზით (ხრამულა, მტკვრის წვერა, ქაშაპი, კალმახი, კობრი, და სხვ.)
ძირითადი ლადშაფტები. რაიონი მოქცეულია ძირითადად მთის სტეპებისა და მთა-მდელოს ლანდშაფტების ფარგლებში, სადაც გამოიყოფა მისი შემდეგი სახეები: 1. ლავური პლატო მთის სტეპის მცენარეულობით და შავმიწა ნიადაგებით; 2. მთისწინეთი გასტეპებული მდელო და შავმიწისებრი ნიადაგებით; 3. მთის გასტეპებული სუბალპური მდელო შავმიწისებრი ნიადაგებით; 4. სუბალპური მდელო მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით; 5. ალპური მდელოები, მთის მდელოს მცენარეულობით და პრიმიტიული კორდიან-ტორფიანი ნიდაგებით; 6. საშუალო მთები, შერეული ფოთლოვანი ტყეებით (ჭარბობს წიფელი) და ტყის ყომრალი ნიადგებით.
მოსახლეობა. რაიონში უპირატესად ცხოვრობენ ქართველები; ასევე, ბერძნები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ოსები და სხვ.
სახალხო მეურნეობა. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მეკარტოფილეობა, სარძეევ-სახორცე მიმართულების მესაქონლეობა, ტრადიციულია_სამატყლე მეცხვარეობა. მემინდვრეობიდან განვითარებულია საშემოდგომო ხორბლის, საგაზაფხულო ქერისა და შვრიის მოყვანა.
მრეწველობა. წამყვანია ელექტროენერგეტიკა. Mმდინარე ხრამის ხეობაში ქ. წალკასა და სოფელი არახლოს (ბოლნისის რაიონი) შორის (რომელთა შორის სიმაღლეთა სხვაობა 1000მ-ს აღემატება). შექმნილია ჰიდროელექტროსადგურის კასკადი, რომელიც ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში, არის აგრეთვე მცირე სიმძლავრის დაშბაშჰესი. ქ. წალკაში არის ყველ-კარაქის ქარხანა (შვეიცარული ყველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმოო რესპუბლიკაში)
ტრანსპორტი. რაიონის ტერიტორიაზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზები: თბილისი-მანგლისი-წალკა-ბოგდანოვკა და მარნეული-თეთრიწყარო-თრიალეთი-წალკა. Aადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 200კმ.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. რაიონში არის სკოლები, ბაგა-ბაღები, სამუსიკო და სპორტული სკოლები, საავადმყოფო, პოლიკლინიკა.
ხუროთმოძღვრული ძეგლებია: ბეშთაშენის წმ. Gგიორგის, არჯევან-სარვანის ღვთისმშობლის, აიაზმის, კუშჩის, წმ. გიორგის, წალკის ეკლესიები, გუმბათის ციხე-გალავანი და ეკლესია, ავრანლოს და სანთის ციხეები და სხვ.
Комментариев нет:
Отправить комментарий